X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდება

29 მაისი 2020

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და  წინასწარი ბიუჯეტი 63.75 მილიონი ევროა, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.

საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა  და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და საბოლოოდ - თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის სოციალური და ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

კონკურსის ფარგლებში წარდგენილ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი რეგიონის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ.

საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი გამოცხადდება 5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებზე.

მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი პროექტები ითვალისწინებს შემდეგი სახის ღონისძიებებს: ბიზნესთან ან სხვა ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე ზომის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განახლება, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ტურისტული ან სხვა სახის მომსახურებების შეთავაზების მიზნით სახელმწიფო შენობების განახლება, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ადგილობრივი გზებისა და თანმხლები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ადგილობრივ ბიზნესებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.